"მე მერცხვენია თქვენს მაგივრად და ბოდიშს ვიხდი... თქვენ ცუდი ადამიანები ხართ"

ადვოკატი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში, წერს:

„ორჯერ მყავდა აქამდე ძაღლი. პირველი ბავშვობაში, სოფელში, არდადეგებზე ჩასულს მაჩუქეს. ორი თვე ჩემთან ერთად იზრდებოდა. შემდეგ სკოლა დაიწყო და მე ქალაქში დავბრუნდი, ის სოფელში დარჩა. გავიდა ერთი წელი და კვლავ ჩავედი არდადეგებზე. მე არასდროს დამავიწყდება ემოცია, რომელიც ჩემ დანახვაზე გამოხატა. ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია – სიხარული და ცრემლი ერთად, დარბოდა დახტოდა, ტიროდა, უხაროდა. მაშინ ბავშვი ვიყავი და ეს ჩვეულებრივი მოვლენა მეგონა. მეგონა, რომ ადამიანებიც ესეთები იყვნენ, არათუ ძაღლები.

მსგავსი შეხვედრა მეორდებოდა ჩემს ყველა ჩასვლაზე. მე ვიზრდებოდი ის ბერდებოდა. ერთ ჩასვლაზეც არ დამხვდა. მითხრეს, რომ იგრძნო სიკვდილის მოახლოება და სახლიდან წავიდა …

მეორედ წლების წინ მეცხვარის ლეკვი მაჩუქეს. კერძო სახლი არ მქონდა და მეუღლის ბებიასთან დავაბინავეთ ეზოში. ვზრდიდი, ვწვრთნიდი, თუმცა მხოლოდ კვირაში ორჯერ თუ ვნახულობდი. წარმოუდგენელ სითბოს ავლენდა როცა მივდიოდი. გავიდა წლები, უკვე ასკშიც იყო. ბებია გარდაიცვალა. გადაწყვიტეს სახლი გაეყიდათ. გამოჩნდა მყიდველი. მეორე დღეს სახლი უნდა დაგვეცალა. ეზოში ვსაუბრობდით სად წაგვეყვანა. უკვე შინდისში სახლი მქონდა და ვფიქრობდი ამეყვანა, თუმცა იქ არ ვცხოვრობდით და თან მარტო დატოვებაც არ მინდოდა, მოკლედ ამაზე ვმსჯელობდით. მეორე დილით ცუდად დაგვხვდა. ექიმთან წავიყვანე. ინფაქტი აქვსო. მეორე დღეს გარდაიცვალა …

დიდი ხანი ძაღლისკენ ვერ ვიხედებოდი.

გავიდა წლები ნიკუშა წამოიზარდა და ძაღლი მოვიყვანოთო. დიდხანს გავურბოდი კონკრეტულად საუბარს. უარს არ ვეუბნებოდი, მაგრამ …

მიზეზიც მქონდა შინდისში მხოლოდ რამდენიმე თვე ვიყავით და ვუხსნიდი, რომ ძაღლს მარტო ვერ დავტოვებდით. სინამდვილეში აღმოვაჩინე, რომ არ მინდოდა თუნდაც წლების შემდეგ იმ ტკივილის განცდა, რომელიც სოფელში ჩასულს დამეუფლა, როცა მითხრეს რომ ჩემი ძაღლი სახლიდან წავიდა, რათა მარტო მომკვდარიყო და არც ინფაქგადატანილი ჩემი მეცხვარე მავიწყდებოდა.

მერე მივხვდი, რომ ნიკუშას ძალიან დიდ რაღაცას ვაკლებდი. სითბოს, მზრუნველობას და თუნდაც იმ დაკარგვის ტკივილს, რომლებიც წლების მერე დაეუფლებოდა მისი პირველი ძაღლი რომ დატოვებდა. ტკივილს, რომელიც გაზრდიდა და გააკეთილშობილება.

შინდისში გადმოვედით, ფორმალური მიზეზიც მოიხსნა და სახლში გერმანული ნაგაზის ლეკვი მოვიყვანე. მოვიყვანე და ჩემთვის კვლავ გაიხსნა სხვა სამყარო. სამყარო სიყვარულის და ერთგულების.

სამყარო სადაც იმიტომ უყვარხარ, რომ შენ ხარ, შენ – მისი მეგობარი და საერთოდ არ იცის ვინ ხარ, რას წარმოადგენ, რა რეგალიის, ქონების თუ სოციალური სტატუსის მფლობელი ხარ.

ვუყურებ როგორ აჭმევს ნიკუშა დღეში ოთხჯერ, როგორ ეთამაშება ეზოში საათობით, ეზოში, რომელშიც შინდისში ყოფნის დროს იშვიათად გამოდიოდა. როგორ ვიპარებით სათითოდ ღამე მე, ქეთი და ნიკუშა და დავხედავთ ძინავს თუ არა …

რატომ მოგიყევით ეს ყველაფერი?

მე მრცხვენია და ბოდიშს ვიხდი ყველა იმ მშიშარა არსების ნაცვლად, ვინც ვირუსის შიშით ძაღლები მიატოვა ან თავშესაფრებს ჩააბარა. თქვენ ცუდი ადამიანები ხართ.

თქვენთან ერთად ერთ სამყაროში და სოციალურ სიცრცეში ცხოვრებას, ჩემი ლეკვის სამყაროში ცხოვრება მირჩევნია. იქ ერთგულება და სიყვარულია. თქვენთან შიში და ღალატი“.