"ქმრის გამწარების მიზნით მოვკალი შვილი..." - რა განაცხადა 17 წლის გოგონამ, რომელიც საკუთარი 7 თვის შვილის მკვლელობაშია ბრალდებული

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მომხდარი ტრაგედიის დეტალებს მოკლული ჩვილის ახლობლები ყვებიან. როგორც ჟურნალისტებს გარდაცვლილი ბავშვის ახლობელმა მარიამ დემეტრაშვილმა განუცხადა, ჩვილი ბავშვი მამამ გარდაცვლილი საწოლში იპოვა. მარიამ დემეტრაშვილის ინფორმაციით, დედამ შვილის მკვლელობის შესახებ პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცა.

"მამამ გამთენიისას იპოვა შვილი გაგუდული. ბავშვი ჩაცმულ მდგომარეობაში საწოლში იწვა. დაიწყო ცოლის ძებნა, ვერსად იპოვა. ოჯახში ატყდა ამბავი. ბავშვის მამამ საკუთარ მამას დაუძახა, რადგან ცოლი ვერსად იპოვა, ამიტომ ეჭვი გაჩნდა. რატომ გაიქცა, თუ მას არაფერი დაუშავებია? პოლიცია ადგილზე მალევე მოვიდა. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ჯერჯერობით ექსპტერტიზის პასუხი ცნობილი არ არის. დაკავების შემდეგ დედამ დანაშაული აღიარა. ის დეტალურად მოჰყვა, რა და როგორ ჩაიდინა. ბავშვის დედა ყვება, რომ მას შემდეგ, რაც მეუღლემ დაიძინა და დაიძინეს ოჯახის სხვა წევრებმა, საკუთარი ხელით გაგუდა ბავშვი. მოტივი რა იყო, არ ვიცი. როგორც ყვება, ქმრის გამწარება უნდა, ოღონდ არ უჩხუბიათ, რამე კონფლიქტის სერიოზული მიზეზი არ ყოფილა არც ქმართან და არც ოჯახის წევრებთან. ვერც ქმრის და ვერც გოგოს მხარე ვერაფრით ხსნის, რა შეიძლება ამის მიზეზი ყოფილიყო. რა ვითარებაში დააკავეს ბავშვის დედა, არ ვიცი, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიღაც ბიჭს ჩააკითხა. ოჯახს ამ გოგოს დასჯა უმკაცრესი წესით უნდა",- განაცხადა მარიამ დემეტრაშვილმა.

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვი მამამ სახლში მოკლული ორი დღის წინ იპოვა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ ბავშვის განზრაზ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილი ჩვილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.