თამარ მეფის სამოსის საიდუმლო, ანუ რატომ იყო თამარ მეფე საქართველოს ყველაზე ძლიერი მეფე

მეფეთ მეფის კაბაზე მცირე ზომის 4 ათასზე მეტი მდინარის მარგალიტია დამაგრებული, ჩასმულია მაღალი სინჯის ვერცხლის 155 ბალთა, ასეთივე სინჯის მოოქრული ბალთები მიუყვება სამეფო ბისონსა და პორფირს, რომელზეც 400-ზე მეტი დიდი ზომის თეთრი ანდალუსიური მარგალიტია დამაგრებული...

ხუთ უნიკალურ კოსტიუმს რესტავრაცია უტარდება. საქართველოს ხელოვნების სასახლეში, ქსოვილის აღდგენასა და კონსერვაციასთან ერთად, კოსტიუმებზე დაკარგულ ძვირფას თვლებს «ვაბრუნებთ». რესტავრაცია დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ამ ძვირფასი სამოსლის ყოველ ნიმუშს თავისი განსაკუთრებული ისტორია აქვს.
«ჩემი დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო აღმედგინა თამარ მეფის ძვირფასი კაბა. ჩემს ამ წამოწყებას მაშინდელი პარტიული ხელისუფლება დიდი სიხარულით არ შეხვედრია, მაგრამ მე მაინც ვიმოგზაურე ვარძიაში, ყინწვისსა და ბეთანიაში და გადმოვხატე ესკიზები.
თამარის კაბა ჰაეროვანი არ ყოფილა. პირიქით, ის მძიმედ დატვირთულ-დახუნძლულია ძვირფასი და კეთილშობილი თვლებით. განსაკუთრებით მარგალიტები სჭარბობდნენ. მეფეთა მეფეს ამ კაბის დიდხანს ტარება გაუჭირდებოდა, მას მხოლოდ საკორონაციოდ, საზეიმო დღეებსა და ელჩობებზე თუ ჩაიცვამდა. ის ბიზანტიური კაბის საუკეთესო ქართული გააზრებაა, ქართული სისადავითა და სიმდიდრით.
მე კაბის ზომები და თარგი აღვადგინე ისე, როგორც ეს ფრესკებშია. მინდოდა ნამდვილი თვლების ნაჭერზე გადატანა, მაგრამ მთავრობამ ფული არ მომცა, ამიტომ ეს საქმე ბუტაფორიებით და ჩვეულებრივი მძივებით გავაკეთე, მაგრამ ვოცნებობ და იმედია, დადგება დრო, რომ თამარის კაბას შესაბამისი წესით, ნამდვილი თვლებით განახლებულს ვიხილავთ. ასევე მინდა აღვადგინო მეფეთა-მეფის გვირგვინი ნამდვილ ლითონსა და მარგალიტებში. ხელისუფლება არც ამის ყაბულზეა, მაგრამ იმედის ის დროც დაუდგება საქართველოს. თამარის ძვირფასი კაბები ჩვენი ცეკვების, მათ შორის სგანას კოსტიუმის საძირკველი გახდა».
სოლიკო ვირსალაძის ეს წერილი თამარ მეფის კოსტიუმის შექმნის ისტორიას გადმოგვცემს. მხატვრის მიზანი იყო, ქართული ოქროს ხანა მომავალი თაობებისთვის უფრო ხელშესახები გაეხადა. აღსანიშნავია, რომ ავტორის თქმით, თამარ მეფის ეს შესამოსელი გამოყენებულია ცნობილი ქართული ცეკვის, «სგანას» კოსტიუმადაც. კოსტიუმი, შეიძლება ითქვას, ბეთანიის ფრესკის ზუსტი გამეორებაა. თამარის ტანსაცმელი ქვეყნის სიძლიერეს და ამასთანავე, მის პოლიტიკურ ორიენტაციას წარმოაჩენს.
XII საუკუნეში ქვეყნის შიგნით მდგომარეობის განმტკიცების შემდეგ, თამარი აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმართვას შეუდგა. 1195 წელს, შამქორის ბრძოლაში, ილდეჰიზიდების სამეფოს მმართველი აბუ-ბაქრი ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს. შემოიერთეს სომხეთის მნიშვნელოვანი ქალაქები - დვინი და ანისი. 1202 წელს ბასიანის ბრძოლაში დაამარცხეს რუმის სულთანი რუქნადინი. ამავე წელს დალაშქრეს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორია და შეიქმნა საქართველოსადმი დაქვემდებარებული ტრაპიზონის იმპერია. თამარის მმართველობის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია. თამარი წინა აზიის უძლიერეს მმართველად იქცა, მისდამი დაქვემდებარებული სახელმწიფო კი ბიზანტიის იმპერიის კონკურენტად და აზიაში დასავლური ცივილიზაციის მატარებლად მიიჩნეოდა. სწორედ ამიტომაც, თამარ მეფის ტანსაცმელი სახელოვან ბიზანტიელ იმპერატორთა შესამოსელს ჰგავს, რაც იმპერიულ ამბიციებზეც მიუთითებს.
მუზეუმში დაცული კოსტიუმის ბისონსა და პორფირზე ძვირფასი თვლების იმიტაცია ქსოვილის ამობურცვის მეთოდითაა მიღებული, დანარჩენი კი ბუტაფორიული ქვებითა და ლითონით იყო გაფორმებული. აღნიშნული კოსტიუმი რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი კერძო პირისგან შეიძინა მუზეუმმა. მისი მდგომარეობა თავიდანვე სავალალო ჩანდა. ქსოვილი დაჭუჭყიანებული იყო, ხოლო მასზე დამაგრებული სამშვენისის დიდი ნაწილი - დაკარგული. 
რესტავრაცია, რომელიც ხელოვნების სასახლეში რამდენიმე თვის წინ დაიწყო, კოსტიუმის გადარჩენასთან ერთად, სოლიკო ვირსალაძის თითქმის საუკუნოვანი ოცნების ასრულებას ისახავდა მიზნად. ამიტომ ქსოვილის გამაგრებისა და მისი დუბლირების შემდეგ, ბუტაფორიები მთლიანად მოიხსნა და ისინი ძვირფასი ლითონებით, კეთილშობილი ქვებით ჩანაცვლდა. ამ ეტაპზე მეფეთა მეფის კაბაზე მცირე ზომის 4 ათასზე მეტი მდინარის მარგალიტია დამაგრებული (რესტავრატორი მაია ფიფია), მარგალიტებს შორის მაღალი სინჯის ვერცხლის 155 ბალთაა ჩასმული, ასეთივე მოოქრული ბალთები მიუყვება მეფის ბისონსა და პორფირს (იუველირი დავით კონტრიძე). ამ უკანასკნელზე 400-ზე მეტი დიდი ზომის თეთრი ანდალუსიური მარგალიტია დამაგრებული. რესტავრაციის შემდეგ კოსტიუმი განუმეორებელ ეფექტს დატოვებს, იგი საქართველოში ყველაზე მდიდრულად შემკული საერო შესამოსელი იქნება.
2011 წელს კინოსტუდია «ქართულმა ფილმმა» ხელოვნების სასახლეს ფილმ «გიორგი სააკაძის» რამდენიმე კოსტიუმი გადასცა, მათ შორის იყო მეფე ლუარსაბის ტანსაცმელი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფილმის კოსტიუმებს, მემორიალურთან ერთად, განსაკუთრებული მხატვრული მნიშვნელობაც უნდა მივანიჭოთ. გადმოცემით ცნობილია, რომ საქართველოს ანექსიის შემდეგ ქართველი თავადაზნაურობისთვის ჩამორთმეული ტანსაცმლის დიდი ნაწილი მოგვიანებით კინოწარმოებას რეკვიზიტებად გადაეცა. ამიტომ იყო, რომ სტუდიის გარდერობში ოქრომკედითა და ძვირფასი თვლებით შემკული არაერთი უნიკალური კოსტიუმი მოხვდა. სწორედ ასეთი ნიმუშები ეცვათ მიხეილ ჭიაურელის ფილმის გმირებს, მათ შორის მეფე ლუარსაბსაც. 
სამოსი მეტად ძვირფასი ფარჩით არის შეკერილი. მისი გაფორმების ნაწილი სხვა, გაცილებით ძველი ქსოვილიდანაა მოხსნილი. ამ მხრივ გამორჩეულია ოქრომკედით დამშვენებული საყელო. კოსტიუმი სამი ნაწილისგან შედგება, ესენია ოქროსფერი სამეფო კაბა, წითელი მოსასხამი და მცირე ზომის სამხრეული. რესტავრაციის დროს მშრალი და ზოგ შემთხვევაში სველი წესით გაიწმინდა ქსოვილის დაჭუჭყიანებული ნაწილები. ლითონის ბალთები მოიხსნა. ისინი ვერცხლისგან დამზადებულმა მოოქრულმა ბალთებმა ჩაანაცვლა. ხისგან დამზადებული ბუტაფორია, რომელიც კოსტიუმზე დროებით იყო დამაგრებული, 13-გრამიანი ვერცხლის მოოქრული გულსაკიდით შეიცვალა. სამხრეულზე მთლიანად მოიხსნა საბჭოთა პერიოდში დამაგრებული სხვადასხვა პლასტმასის ფერის მძივი. მათ ადგილას თეთრი და შავი მარგალიტები დამაგრდა. საყურადღებოა, რომ მეფე ლუარსაბის კოსტიუმის აღდგენის დროს რესტავრატორებმა განსაკუთრებით ძვირფასი, ე.წ. შავი დაუმუშავებელი მარგალიტი და დიდი თეთრი ანდალუსიური ოკეანის მარგალიტები გამოიყენეს. კინოსტუდიის უხუცეს თანამშრომელთა მონათხრობის მიხედვით, სწორედ ამგვარი კეთილშობილური ქვებით ყოფილა ოდესღაც დამშვენებული შესამოსელის სახელოები.
ურთულესი აღმოჩნდა და ჯერაც არ დასრულებულა თეკლე დედოფლის კოსტიუმის რესტავრაცია (რესტავრატორი ნათია ქულუაშვილი). ხელოვნების ეს ძვირფასი ნიმუში სავარაუდოდ, XVIII საუკუნის დასასრულითა და XIX საუკუნის დასაწყისით უნდა დავათარიღოთ. ვის ეკუთვნოდა შესამოსელი, უცნობია. ცხადია, იგი ოდესღაც ქართული არისტოკრატიის წარმომადგენლის გარდერობს ამშვენებდა. შემდეგ იგი მიხეილ ჭიაურელმა თეკლე დედოფლის სამოსად გამოიყენა. მოგვიანებით კოსტიუმს სერგო ფარაჯანოვის «ბროწეულის ფერშიც» ვხედავთ. ძვირფასი ხავერდი ოქრომკედითა და ოქროს ძაფით შექმნილი მცენარეული ორნამენტებითაა დამშვენებული. ყველაზე რთული ამ ორნამენტების აღდგენა აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ისინი ამოვარდნილია ქსოვილის საფუძვლიდან და საჭირო ხდება მათი ხელახალი დამაგრება და მეორე მხრივ, დაკარგულია რამდენიმე ასეული სხვადასხვა ზომის თითბრის მოვერცხლილი ფოთოლი. ამდენად, ქსოვილის რესტავრატორსა და იუველირს ერთობლივად უწევთ ამ რთული სამუშაოს შესრულება.
რესტავრაციის დასრულების შემდეგ აღდგენილი ძვირფასი კოსტიუმები ხელოვნების სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში გამოიფინება.
(ავტორი: გიორგი კალანდია)
ჟურნალი “ისტორიანი”, 2016 წლის სექტემბერი, #9/69