ვინ არის მსოფლიოში ნომერ პირველ აფერისტად აღიარებული რუსი გოგონა, რომელსაც მთელი მსოფლიო ეძებდა რამდენიმე წლის განმავლობაში და რომელზეც ფილმს გადაიღებენ

ნიუ იორკის სასამართლომ თაღლითობის ბრალდებით 4-12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა წარმოშობით რუს ანა საროკინას, რომელიც ბოლო წლებში დელვის გვარით იყო ცნობილი და თავს გერმანელი მილიონერების მემკვიდრედ აცხადებდა 60 მილიონ ევროიანი ქონებით.

მას ციხეში მინიმუმ ოთხი წლის გატარება მოუწევს, ამის შემდეგ კი ვადა შესაძლოა პირობითი სასჯელით შეიცვალოს. ვადის მოხდის შემდეგ შესაძლოა მისი გერმანიაში დეპორტაცია მოხდეს.

28 წლის საროკინა–დელვის ბრალი ედება 200 000 დოლარზე მეტის თაღლითურად მითვისებაში საფინანსო ორგანიზაციებისგან, ფეშენებელური სასტუმროებისაგან და საკუთარი ნაცნობებისგან. გამოძიების მონაცემებით ის ძვირფას სასტუმროებიში ვალად ცხოვრობდა, აწყობდა წვეულებებს მეგობრებისთვის და არ იხდიდა არაფრის საფასურს, აყალბებდა ჩეკებს და იყენებდა არარსებულ დოკუმენტებს. პროკურორების თქმით დელვი ამ ტიპის დანაშაულს 10 თვის მანძილზე სჩადიოდა, ანუ 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის აგვისტომდე.

“ბოდიშს ვიხდი იმ შეცდომებისთვის, რომლებიც დავუშვი“– თქვა გოგონამ განაჩენის გამოცხადების წინ.

“ჩვენ უარესისთვის ვემზადებოდით, მაგრამ უკეთესის იმედი გვქონდა. 4–12 წელი სამართლიანი განაჩენია. რა თქმა უნდა, ნაკლები ვადის იმედიც გვქონდა, მაგრამ ამისთვისაც მზად ვიყავით“ – განაცხადა დელვის ადვოკატმა, ტოდ სპოდეკმა.

პატიმრობის ვადის მოხდის გარდა საროკინას მოუწევს 24 ათას დოლარიანი ჯარიმა გადაიხადოს და დაზარალებულებს 199 ათასი დოლარი აუნაზღაუროს.

მოსამართლე დაიან კისელმა პროცესის განმავლობაში არაერთხელ გაიმეორა, რომ გაოგნებულია დელვის თაღლითობის მაშტაბებით.

ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს საროკინა 22 მილიონი დოლარის დატაცების ბრალდებაში. ამ თანხის აღებას ის ბანკში კრედიტის სახით ცდილობდა. ასევე გაამართლეს 60 ათასი დოლარის მოპარვის ბრალდებაში. ეს თანხა მისმა მეგობარმა, ჟურნალ Vanity Fair –ის ფოტორედაქტორმა, რეიჩელ უილიამსმა მის ნაცვლად მაროკოში დასვენებისთვის გადაიხადა.

ჯიბეგაფხეკილი რუსი თუ გერმანელი მემკვიდრე

ანა სოროკინა–დელვი რუსეთში დაიბადა. 2007 წელს კი მშობლებმა უმცროს ძმასთან ერთად გერმანიაში წაიყვანეს. ოთხი წლის შემდეგ ანამ კიოლნის სიახლოვეს პროვინციულ ქალაქ ეშვაილერში საშუალო სკოლა დაამთავრა.

2016 წელს ნიუ იორკში ჩავიდა და ადვილად ჩაეწერა გლამურულ წრეში, სადაც თავს გერმანელი ნავთობის მაგნატის , დიპლომატის ან უბრალოდ მილიონერის ქალიშვილად ასაღებდა.სინამდვილეში კი მამამისი მედიის ინფორმაციით თავდაპირველად გერმანიაში სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობდა, შემდეგ კი გათბობა–გაგრილების სისტემების მომსახურების პატარა კომპანია შექმნა.

მალე ტელეეკრანებზე...

კომპანია Netflix –მა უკვე შეიძინა ეკრანიზაციის უფლება დელვის ნიუ იორკულ თავგადასავალზე, რომელიც ჟურნალ ნიუ იორკისთვის ჯესიკა პრესლერმა დაწერა. დელვიმ კომპანიას მისი ცხოვრების ისტორიის გამოყენების უფლება მიყიდა.

გარიგების თანხა არ სახელდება. თუმცა დელვის ჰონორარი პირველ რიგში დაზარალებულთა კომპენსაციაზე წავა, რომელთა შორის სასტუმროები და რესტორნებიც არიან, საიდანაც გოგონა ისე წავიდა, რომ ფული არ გადაიხადა.