ეს იმ ულამაზესი ქართველი გოგონას ფოტოსურათებია, რომელიც ამერიკულმა პორტალმა თვის საუკეთესო აღმოჩენად დაასახელა


გავლენიანმა ამერიკულმა ონლაინ-პლატფორმამ Models.com ქართველ მოდელს ეთო მიგრიაულს თვის საუკეთესო ახალი სახე უწოდა (Best new face of the month).

მიგრიაული არის სააგენტო Geomodels Studio-ს მოდელი, რომლის დამფუძნებელი თაკო ჩხეიძეა - თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

„ეს ძალიან განსაკუთრებული და უჩვეულო შემთხვევაა. ჩვენს სააგენტოში ის უკვე მესამე წელია... მისი დებიუტი თბილისის მოდის კვირეულზე შედგა. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენ პარტნიორ სააგენტოსთან Brave models და ზაფხულში ეთოს ფოტოები მილანში გავაგზავნეთ“, - განაცხადა ჩხეიძემ.

ჩხეიძის თქმით, გოგონას ინდივიდუალური სტილი მისი წარმატების საწინდარი გახდა.

„როდესაც პირველად მოვხვდი მილანში, ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი - არ მჯეროდა. ჩემი სააგენტო Geomodels ყველა პრობლემის დაძლევაში დამეხმარა, ასევე Brave models საკუთარი რწმენის პოვნაში დამეხმარა. როდესაც მომწერეს და მითხრეს, რომ მექნებოდა გადაღება Fendi, გამოკვირდა. მილანში უზარმაზარი კონკურენციაა, ასე რომ არც კი ველოდი, რომ ამირჩევდნენ“, - აღიარა მიგრიაულმა.

ახლა ქართველი მოდელი ახალი პროექტისთვის ემზადება და მაისში იაპონიაში მიემგზავრება. მიგრიაულმა ახლახან დაამთავრა სკოლა და მას გრაფიკული დიზაინის განხრით სწავლის გაგრძელება უცხოეთში სურს.

Models.com - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდის ვებგვერდია. ის 1999 წელს ნიუ-იორკში სტეფან მოსკოვიჩმა და უეინ სტერლინგმა დააარსეს. Models.com-ს კითხულობენ მოდის ინსაიდერები, ფოტოგრაფები, რეჟისორები, აგენტები, არტ-დირექტორები, რედაქტორები, მოდელები. პლატფორმას თვეში 1,5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.