რა გახდა ფეისბუქის 2 საათით გათიშვის მიზეზი უკვე ცნობილია

"ფეისბუქი" ჩაირთო. მომხმარებლები სოციალურ ქსელში შესვლას 14:00 საათიდან ვერ ახერხებდნენ. მიზეზად სერვერის კონფიგურაცია სახელდება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, პრობლემები ფიქსირდებოდა აშშ-ში, იტალიაში, საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, მალაიზიაში და სხვა ქვეყნებში. ხარვეზებით მუშაობდა „ინსტაგრამი“ და „ვოთსაფიც“. ამ დროისათვის მომხმარებლებისთვის სამივე სოციალური ქსელი ხელმისაწვდომია.

აღსანიშნავია, რომ „ფეისბუქის“ აქციონერები კომპანიის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აქციონერთა ნაწილი ამ მოთხოვნას აყენებს აქციონერთა ყოველწლიური შეკრების წინ, რომელიც 30 მაისისთვის არის დაგეგმილი.

აქციონერები აცხადებენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობის მთელი რიგი შეცდომების გამო, კომპანიამ 2018 წლის ივლისიდან შეფასებითი ღირებულების 40 % დაკარგა. განცხადების ავტორები ამ დანაკარგისთვის პასუხისმგებლობას უშუალოდ მარკ ცუკერბერგს აკისრებენ.

სოციალური ქსელებით მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სარგებლობს.