"ბანკში რიგს ველოდებოდი და უცბათ ახალგაზრდა ბიჭს ტელეფონი ურეკავს..."

დღის ბოლოა. ბანკის მოსაცდელში, სადაც 10-12 ადამიანია თავმოყრილი, საქმიანი სიჩუმე დგას. ბიჭმა ტელეფონის ხმა რომ გაიგო, ჯერ ეკრანს დახედა და მერე ისეთი სახით მიიდო ყურთან, რომ აშკარა იყო, ამ ზარს ელოდებოდა...

- ალო, სად ვიქნები, უკვე ავტობუსში ვარ. მაქსიმუმ 20 წუთში მოვალ... - ახალგაზრდამ მოკლედ უპასუხა და უხერხულად ჩაიდო ტელეფონი ჯიბეში.
ირგვლივ ისევ სიჩუმეა. ყველა საკუთარ რიგს ველოდებით.
გავიდა 4-5 წუთი და ბიჭის ტელეფონი ისევ აწკრიალდა.
- ჰო... სად ვიქნები, ჯერ ისევ გზაში ვარ... ავტობუსით-მეთქი, ხომ გითხარი... კარგი, ნუ მიბრაზდები, მალე მოვალ.
რიგის მომლოდნე ხალხს უკვე გვეღიმება...
არ გასულა 5 წუთი და ტელეფონი ისევ ურეკავს.
- თითქმის მოვედი, 2 გაჩერებაღა დარჩა. ავტობუსში ვარ, რატომ არ გჯერა, მალე ვიქნები...
სანამ ბიჭი ტელეფონს გათიშავდა, უკნიდან უცებ მამაკაცის მკაცრი ხმა გაისმა:
- მგზავრებო, ნუ გაჩერდებით უბილეთოდ!
- თუ შეიძლება, გადააწოდეთ ჩემი ბარათი, - „კონტროლიორს“ გაეპასუხა იქვე მდგარი ქალი და ბიჭს თანაგრძნობის ნიშნად თვალი ჩაუკრა...
- თქვენ, უკანა კართან, ახალგაზრდავ, მაჩვენეთ ბილეთი,- ისევ მამაკაცის ხმა...
- კარგი, კარგი, წავედი, საფულე უნდა ამოვიღო, შიგ მიდევს ბილეთი, მალე ვიქნები, - ჩასძახა ბიჭმა ტელეფონში და გათიშა.
შემდეგი 15 წუთი, სანამ ბიჭი რიგში იდგა, აღარავის დაურეკავს, სამაგიეროდ ამ კეთილ „სპექტაკლზე“ კარგა ხანს ყველა ერთად ცრემლებამდე ვიცინოდით...