რა მაგიური ძალა ვრცელდება ჩვენზე მობილური ტელეფონიდან - თუ ტელეფონი გადაგივარდათ ეს ნიშნავს, რომ...

იმის გასაგებათ, თუ რისი წინასწარმეტყველება შეუძლია ამ პატარა ნივთს, რომლის გარეშეც დღეს არსებობა წარმოუდგენელია, სათანადო სპეციალისტს, ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგს, ქალბატონ ეთერ ს-ს მივმართეთ.

– რა მინიშნებები არსებობს ტელეფონის ჩუქებასთან დაკავშირებით?

 

– განვიხილოთ სხვადასხვა ვარიანტი და თავად განსაჯეთ. ვთქვათ, შეყვარებულმა აჩუქა გოგონას მობილური ტელეფონი – თუ წყვილს ჯერ კიდევ არ აქვს დარეგისტრირებული ურთიერთობა, ეს შეიძლება, მათი დაშორების მიზეზად იქცეს. არც ახალგაზრდა, გაუთხოვარი ქალისთვისაა რეკომენდებული, რომ შეყვარებულს ტელეფონი აჩუქოს – ამას ტყუილი, ღალატი და ორგულობა მოსდევს. რაც მთავარია, გათხოვილებმა არავითარ შემთხვევაში არ აჩუქოთ ქმრებს მობილური – ეს იგივეა, რომ ღალატისკენ თავად უბიძგოთ და საყვარლის გაჩენას თუ არა, „გვერდზე გაგულავებას“ მაინც მოახერხებს. თუმცა, არც ქმრისგან ნაჩუქარი მობილურია დიდად სახარბიელო ცოლისთვის – ზედმეტი ფაციფუცი, ჭორები და უაზრო ლაპარაკი გამოწერილი გაქვთ. მაგრამ, თუ მშობლებს ან შვილს მიართმევთ ასეთ ძვირფას საჩუქარს, ამ შემთხვევაში მინიშნება დადებითია: ოჯახში სიმყუდროვე და ურთიერთგაგება დაისადგურებს. საბოლოო ჯამში, ტელეფონის ჩუქება ძირითადად ცუდის ნიშანია. მაგრამ, არსებობს გამოსავალიც. ასეთ შემთხვევაში, მაღაზიაში წადით იმასთან ერთად, ვისთვისაც ტელეფონის ჩუქება გსურთ. ასე, გამოვა, რომ აჩუქეთ ფული, ის კი ამ თანხით ტელეფონს იყიდის.

 

– რის მიხედვით შევარჩიოთ მობილური ტელეფონის ნომერი?

 

– ტელეფონის ნომერიც ციფრების თანმიმდევრობაა და შესაბამისად, მასზეც ვრცელდება რიცხვების მაგია. ყველას უნდა, იღბლიანი ნომერი. მინიშნებები კი ასეთია: ტელეფონის ნომერში ციფრების, 2-ისა და 1-ის შეხამება ბედნიერების, მოგებისა და გამარჯვების ნიშანია; ზოგ ქვეყნებში, უფრო აზიაში, მაგალითად, თუ ტელეფონის ნომერში ციფრი 8 ურევია, ეს გამდიდრების ნიშანია, ხოლო ზოგან – 7-ია ბედნიერების მომტანი. გირჩევთ, ასევე, აიღოთ ჰარმონიული წყობის ციფრები, ანუ, სადაც ციფრები მეორდება. თუმცა, ბევრი ცუდის მომასწავებლად მიიჩნევს რამდენიმე სამიანის კომბინაციას. ყველაზე ცუდი მინიშნება კი, 0-ზე დამთავრებულ ნომერს უკავშირდება, რომელსაც პატრონისთვის მოაქვს: ფულის დაკარგვა, ფინანსური ხარჯები, სიცარიელე და მარტოობა.

 

– ძალიან ხშირია ტელეფონის დაკარგვისა და პოვნის შემთხვევაც...

 

– ტელეფონის პოვნასთან დაკავშირებით მინიშნება ერთმნიშვნელოვანი არ არის. როგორც ნებისმიერ სხვა საგანზე, მობილურზეც შეიძლება, ჯადოსა თუ სხვა მაგიური რიტუალის ჩატარება, გათვალვა, შელოცვა-გამოლოცვა. ჰოდა, თუ ნაპოვნი ტელეფონი ნეგატიური მაგიის ზეგავლენის ქვეშაა, მაშინ ძველი პატრონის ყველა უბედურება ახალზე გადავა. განსაკუთრებით სახიფათოა მისი გზაჯვარედინზე პოვნა. ამავე მიზეზით არ არის რეკომენდებული გამონაცვალი ტელეფონის ყიდვა. უმჯობესია, ბევრად ძვირი მისცეთ და „სუფთა“ იყოს. თუმცა, ეს მინიშნებები ეხება ტელეფონს ჩასადების (შალითის) გარეშე. თუ გაგიმართლათ და „ჩაცმული“ ტელეფონი იპოვეთ, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებთ, აუცილებლად გამოგივათ: პრობლემები მოგვარდება, დაკარგულ ფულსა და ნივთებს დაიბრუნებთ, მარტოხელა ადამიანი კი თავის მეორე ნახევარს შეხვდება.

 

– საინტერესოა, ასევე, მინიშნებები ისეთ დეტალებზე, როგორიცაა: ტელეფონის დავარდნა, ანგარიშის ბალანსი, ზარის გაწყვეტა, აპარატის ფერი...

 

– ტელეფონი ვის არ დავარდნია! – და იცით, რომ ეს სკანდალის ნიშანია? თუ მოძველებული, ცუდად მომუშავე ტელეფონი გაგიტყდათ – ეს კარგია, წინ ახალი შესაძლებლობები გადაგეშლებათ. მაგრამ, თუ ძვირფასი და უახლესი მოდელის აპარატი გატყდა, მოემზადეთ უსიამოვნებებისთვის პირად ცხოვრებასა და სამსახურში. რაც შეეხება შემოსულ თუ გასულ ზარებს: თუ დილით სამჯერ დაგირეკეს და სამივეჯერ გაწყდა კავშირი – პირად საქმეებსა და ბიზნესში არ გაგიმართლებთ; თუ შეცდომით სხვისი ნომერი აკრიფეთ, ყურადღებით იყავით, ვიღაც თქვენ მოტყუებას ცდილობს; ორშაბათს ტელეფონის ანგარიშზე თანხა არ ჩარიცხოთ, თორემ ისე გაიხარჯება, ვერც გაიგებთ; თუ დარეკვისას, სამჯერ ზედიზედ იყო დაკავების სიგნალი, უმჯობესია, დაკავშირება გადადოთ – სულერთია, კარგს მაინც ვერაფერს გაიგებთ; ანდა, ის ნომერი თუ შეგეშალათ, თვალდახუჭული რომ კრეფდით, ჭორებსა და მითქმა-მოთქმას ვერ აცდებით. ასევე, არ არის სასურველი, ტელეფონზე ლაპარაკისას კარის ზღურბლზე გაჩერდეთ ან ჭიშკარში შეხვიდეთ, რადგან ამ საუბარს სერიოზულად არავინ აღიქვამს. თავი აგტკივდებათ, თუ ტელეფონზე ლაპარაკისას ხელიდან რამე დაგივარდათ, მაგრამ, თუ ტელეფონის დამტენი სულ სადღაც გეკარგებათ და დღედაღამ მის ძებნაში ხართ, ესე იგი, მალე თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები მოხდება. დაბოლოს, რას ჰპირდება პატრონს ტელეფონის ფერი: ცისფერი – ავი თვალისგან დაგიცავთ; წითელი – არღვევს შინაგან ჰარმონიასა და წონასწორობას; მწვანე – ჯანსაღი ფიზიკური მდგომარეობისა და კეთილგანწყობის ხელშემწყობია; იასამნისფერი – იმედგაცრუება გელით.